Monday, February 12, 2018

                                                 

                                                      ქუჯი                                                                                                               

                                     ისტორიულ--მხატვრული   ესე                                                                                 

              მოცალეობის  ჟამს  ციხე-ქალაქის  ციტადელზე  უყვარდა  ასვლა. კოლხური  შესახედაობის,  ქერა,  ცისფერთვალება,  ტანაშოლტილმა  ვაჟკაცმა  კოშკის  საფეხურები  ენერგიულად  აირბინა...ზაფხული  იყო,  სახეზე  თბილი  ნიავი  მიელამუნა,  მოსასხამის  კალთები   აუფრილა. გული  სიამით   აევსო,  ირგვლივ  გამეფებული  სიმშვიდით  ტკბებოდა...საოცრად  ლამაზი  იყო   ეგრისის  მიდამოები,  მდინარე  ტეხურის  პირას  აშენებული  ციხე-  გოჯი  ქუჯის  სიამაყე  იყო.  წინაპრების  მიერ  დატოვებულ  ამ,,საგანძურს "  ახალი  სული  შთაბერა, გალავანი სამ  რიგად  შემოავლებინა,  ხოლო  ციტადელი  უფრო  ააზიდვინა.  ეგრისელებს  მყარი  თავშესაფარი  ჰქონდათ. მამის  გარდაცვალების  შემდეგ  ენერგიულად  შეუდგა  ეგრისის  მართვას.  საკუთრივ  ეგრისი, ჩრდილოელი ტომები  აბაზგები,  აფშილები  მას  ემორჩილებოდნენ,  მისი  ძალაუფლება  ვრცელდებოდა  სამცხის( მესხეთის)  და  აჭარის  ჩრდილოეთით  მდებარე  ტერიტორიაზე(დღევანდელი  გურია),  იმერეთი, რაჭა-ლეჩხუმი,  ასევე  ქუჯის  სამმართველო  იყო.მაკედონელის  ძლიერი  იმპერიის   დაშლის  შემდეგ  ეგრისს  საშიშროებას  უქმნიდა  სელევკიანების სამეფო,  ამასთან  უფრო  დაუნდობლად  გამოიყურებოდა  ლისიმაქე.ქუჯი  ყოველთვის  ცდილობდა   სასაზღვრო  ტერიტორიების  გამაგრებას,  მაგრამ  ისიც  კარგად  ჰქონდა   გააზრებული,  რომ  თუ  სამხრეთელები  მოინდომებდნენ,  ის  უძლური  აღმოჩნდებოდა  მარტოს  გაეწია  წინააღმდეგობა, ლიხს  აქეთ  კი  აზო  ბატონობდა--არიან  ქართველი,  მამისგან  გაეგონა  მისი  სასტიკი შემოსევის  ამბავი,  როგორ  მოკლა  მცხეთის  მამასახლისი  სამარა  და  დამკვიდრდა  ქალაქ  მცხეთას,  კანონიერ  მემკვიდრე  სამარას  ძმიშვილი(მაშინ  სამი  წლის იყო)  ოჯახთან  ერთად  გაუჩინარდა.   ახლა  დედას  გადსწვდა მისი  ფიქრები, ავადმყოფობდა,  უკურნებელ  სენზე   მიანიშნებდა  სასახლის  ექიმი, შვილის  დაოჯახებაზე  ოცნებობდა,  ქუჯი  ოცდაათ  წელს  გადასცილებოდა, ოდნავ  ჭაღარაც  შეჰპარვოდა...ფიქრებში  გართულს  კოშკის  კიბეებზე  ნაბიჯების ხმა  შემოესმა,  მსახურმა  სტუმრის  მოსვლა  ამცნო.  ნეტავ  ვინ  უნდა  იყოს?-გაიფიქრა   ქუჯიმ,  ვინმესთან  დანიშნულ  შეხვედრას  ვერ  იხენებდა.  სადარბაზო  ოთახში  წარმოსადეგი  აღნაგობის  ახალგაზრდა  მამაკაცი  ელოდებოდა,  სამოყვროდ  მოსულს  ჰგავდა. უცნობი  ფარნავაზი  აღმოჩნდა-სამარას  გადაკარგული  ძმისშვილი.მას  ქუჯის  ამბავი  წინასწარ  შეესწავლა,  ამიტომაც   არ  დაუმალავს  სტუმრობის  მიზეზი, მთელი  ღამე  თათბირობდნენ,  გეგმებს  აწყობდნენ, ნანობდა, კოლხური  მასპინძლობით  დატკბობის  დრო  რომ  არ  ჰქონდა.                                                                                                                                        ,,უცხო  თვალისგან"  შეფარვით  შეძლეს მეომრების  მომზადება,  საფუძვლიანი  შეიარაღება..დაითქვა  დღე...ლეკები  და  ოსებიც  გადმოიყვანეს  და  შეერთებული  ძალით  მოულოდნელად  თავს  დაესხნენ  აზონს  და  მის  მომხრეებს.როგორც  კი  ბრძოლის  სასწორი  ფარნავაზისკენ  გადმოიხარა,  აზო  მაშინვე  გაიქცა,  გამარჯვების  პირველი  ეტაპი  იზეიმეს,,ქართველებმა" და  ეგრისელებმა..აზო  არ  აპირებდა  დამარცხებასთან  შეგუებას,  ეს  კარგად  იცოდნენ  ფარნავაზმა  და ქუჯიმ...დაასწრეს  და  პონტოს  ტერიტორიაზე  დაბანაკდნენ,  მტძოლის  ველზე  დაეცა.                                                          ფარნავაზმა  ძლიერი სახელმწიფო  ჩამოაყალიბა,  გაატარა  სხვადასხვა  სახის  რეფორმები...ქუჯი  ხშირად  სტუმრობდა..მალე  დამოყვრდნენ..ფარნავაზის უმცროსი და  შეირთო  ცოლად...ერთგული  მოკავშირე და მტკიცე  მეგობარი  ჰყავდა ქუჯის  სახით  ფარნავაზს.                                                                                                                                                         ქართლის(იბერიის)  სამეფო  ანგარიშგასაწევი  ძალა  გახდა  წინა  აზიაში.  განსაკუთრებით  კარგი  ურთიერთობა   ჩამოყალიბდა  სელევკიანთა  სამეფოს   მმართველ  ანტიოქეს  პირველთან.  რასაც  ვერ  ვიტყვით  ეგრისთან  დაკავშირებით,  სამთავროს  შიგნით  გახშირდა  ურთიერთქიშპობის  მაგალითები,  საგარეო  საშიშროებად  ლისიმაქეს  გააქტიურებაც  კმაროდა...ქუჯიმ  გადაწყვეტილება  მიიღო--ერთ-ერთ  ადმინისტრაციულ  ერთეულად  შესულიყო    ქართლის  სამეფოში,  რაც  უსაფრთხოების    გარანტი  იქნებოდა...                                                                                                       ციტადელზე  უკვე  ხანშიშესული, მაგრამ  ახოვნებაშენარჩუნებული  ქუჯი  იდგა,  ისევ  ტკბებოდა  მშობლიური  ეგრისის  მშვენებით...ციხესიმაგრის  ეზოში კი  დიდი  ბებიის მოსახელე  ქუჯის  ქალიშილის  და  მისი  თანატოლების  კისკისი  ისმოდა.

No comments:

Post a Comment