ისტორიულ-მხატვრული ესე
დესპანი ქალები
დილის მზის სხივები ფრთხილად ,,იკვლევდა გზას" ერისთავ-ერისთავ რატის სასახლისაკენ.ირგვლივ გამეფებულ მყუდროებას ცხენის ფლოქვების ხმა არღვევდა, მეჯინიბე აქეთ-იქეთ ატარებდა სწრაფი ჭენებისაგან გახვითქულ ცხენს.
სასახლის ტალანში ახალგაზრდა ერისთავის სწრაფი ნაბიჯების ხმა გაისმა, რამდენიმე წუთის წინ დაბრუნებულიყო რატი ისნის სასახლიდან. წინა დღეს მეფის დარბაზობას ესწრებოდა. დედის კარებზე ფრთხილად დააკაკუნა და შესვლის ნებართვას დაელოდა. მუხლზე დაჩოქილმა თაყვანი სცა მშობელს.კრავაის სახე გაუნათდა, დილის ლოცვა უკვე მოესწრო. პირისპირ დასხდნენ სასაუბროდ. თამარი იბარებდა კრავაის, ხვაშაქ ცოქალთან უკვე გაეგზავნა მალემსბროლელი. ყუთლუ არსლანის და მისი დასის ამბოხებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება უკვე მიეღო თამარს, მაგრამ ჯერ გამჟღავნებული არ ჰქონდა. თუ რატომ იბარებდა ორივე მანდილოსანს, ბურანით იყო მოცული. კრავაის დაფიქრების დრო არ ჰქონდა, სამზადისს შეუდგა და მცირე ამალასთან გაუდგა გზას.ფიქრებით თამარის ბავშვობას გადასწვდა,ხშირად სტუმრობდნენ ერთმანეთს თამარის მამიდა რუსუდანი და კრავაი, თამარი ყოველთვის თან ახლდა მამიდას. ყველა მისი წარმატების მომსწრე და მონაწილე იყო. ჯერ კიდევ მამის სიცოცხლეშივე მიიღო თამარმა ქვეყნის მართვის საკმაო გამოცდილება. წინააღმდეგობები ყოველ ნაბიჯზე იჩენდა თავს. ქვეყნის მშვიდობის შენარჩუნების მიზნით დათანხმდა დიდებულების მოთხოვნას--მეორეჯერ ეკურთხებინათ ქალი-მეფე.მისი ძალაუფლება სრულყვეს ,,შვიდსავე სამეფოსათა" წარმომადგენლებმა, ამით განიმტკიცეს თავიანთი პოზიციები. კრავაის კარგად ახსოვდა თამარის გარეგნული სიმშვიდე, მალე მორიგი პროტესტი --ერთგული, სანდო ადამიანების გაწირვა მოითხოვეს მეფისგან დიდებულებმა. ყუბასარმა და აფრიდონმა პატრონს გაუგეს, მის გადაწყვეტილებას პატივი სცეს, სიცოცხლის ბოლომდე ზრუნავდა მათზე თამარი. ფეოდალთა შორის ახალი პრობლემები წარმოიშვა, თუ ვის ჩაეგდო ხელში გამონთავისფლბული ადგილები, ურთიერთს დაუწყეს ,,ზიდვა". მოვლენები სწრაფად ვითარდებოდა., სამეფო კარზე ამოსუნთქვის საშუალება არ იყო.ახლა კი ყუთლუ არსლანი და მისი დასი. კრავაიმ იცოდა, რომ ყუთლუ დაპატიმრებული იყო, ხოლო მისი მომხრეები ამბოხს აპირებდნენ. რისთვის უნდა იბარებდეს? ---ეს კითხვა აწვალებდა მთელი გზა კრავაის. საღამო ჟამს ისნის სასახლეში დიდი პატივით მიიღეს. ხუაშაქ ცოქალი უფრო ადრე მოსულიყო. ერთად ეახლნენ მეფეს. თამარს დაღლილი სახე ჰქონდა. მამიდა რუსუდანიც იქ იყო. ურთიერთმოკითხვის შემდეგ პირდაპირ საქმეზე გადავიდნენ. მეფის სურვილი იყო --კრავაი და ხვაშაქი ამბოხებულებთან წასულიყვნენ მოსალაპარაკებლად. დასაფიქრებლად ერთი დრე ითხოვეს ,,დესპანმა ქალებმა". განიხილეს ყველა შესაძლო ვარიანტი, სიტუაცია, მოულოდნელობისათვის მზად იყვნენ.
დილაადრიანად მხლებლების გარეშე გაუდგნენ გზას. მანდილოსნების გამოჩენაზე ამბოხებულები შეცბუნდნენ. გამართლდა თამარის ვარაუდი, საბრძოლველად აღტკინებულ მამაკცთა ,,განიარაღება" მხოლოდ ქალს თუ შეეძლო და მითუმეტეს ისეთი პატივსაცემი მანდილოსნების , როგორებიც კრავაი და ხუაშაქი, გახლდათ, ისინი,, უძლურნი " აღმოჩნდნენ. ერთმანეთის მონაცვლეობით, თბილი ხავერდოვანი ხმით ესაუბრებოდნენ ამბოხებულებს, თითოეული სიტყვა მიზანმიმართული იყო. დავუშვათ, დათმო მეფემ--აგრძელებდა კრავაი,-თქვენ აღიჭურვეთ საკანონმდებლო უფლებით, როგორ აპირებთ ქვეყნის მართვას, გაქვთ კი ამის გამოცდილება? მიმართა რა კითხვით, კრავაი შეყოვნდა, პასუხს არავინ აძლევდა, ხმას მეტი სიმტკიცე შეჰმატა და გააგრძელა, რომ უპირველეს უნდა გავითვალისწინოთ მტრების პოზიცია, ისინი ყოველ ნაბიჯზე არიან ჩასაფრებული და ელოდებიან ქართული სახელმწიფოებრიობის ჩამოშლას...და ბოლოს , მეფის ხელისუფლების დასუსტების შემდეგ, რასაც ,,კარავი", ბუნებრივია ,გამოიწვევს,თქვენ უნდა იტვირთოთ ქვეყნის ავ-კარგი... ამბოხებულებმა დრო ითხოვეს მოსათათბირებლად გავიდნენ. ხვაშაქი და კრავაი მარტოდ დარჩნენ, თავი ღირსეულად ეჭირათ,ერთმანეთს არც დალაპარაკებიან..ხვაშაქს ხელები უთრთოდა, კრავაი კი შუბლზე ოფლის ცივ წვეთებს გრძნობდა...ვიწრო სარკმლიდან დღის შუქი მკრთალად შემოდიოდა..,,განაჩენის მოლოდინში დრო ნელა გადიოდა, გულში ათასჯერ გამეორებულს ისევ იმეორებდნენ და უფალს დახმარებას თხოვდნენ...ნაბიჯების ხმამ დაარღვია სიჩუმე..შემოვიდნენ..გაუსაძლისი სიჩუმე...ბოლოს ერთ-ერთმა დაიწყო, რომ დათმობაზე მიდიოდნენ..იქნებ მოესმათ..არა, გარკვევით გაიგონეს...მერე სხვებმაც დაამატეს, თან ამ გადაწყვეტილებას ქვეყნის წარმატებისთვის იღებდნენ...რა უნდა ეპასუხათ, მადლობას ხომ არ ეტყოდნენ..ახლა სხვა რამ იყო საჭირო, სიტუაციის შესაფრისი, მაგრამ ეს ძალზე რთული გამოდგა მანამდე ენად გაკრეფილი მანდილოსნებისთვის...ისევ კრავაიმ იმარჯვა...უფალს მადლობა შესწირა ...უნდოდა ,ეთქვა--მეფეს ერთად ხლებოდნენ, მაგრამ ამბოხებულებმა დაასწრეს და ეს სურვილი თვითონ გამოთქვეს.. თამარს ამცნეს, რომ კრავაი და ხუაშაქი ერთად ბრუნდებოდნენ ამბოხებულებთან ერთად...ხატის წინ დაემხო და თვალცრემლიანი მადლობას უძღვნიდა უფალს.. გვირგვინისა და რეგალიების გარეშე შეეგება...მეფე ქალმა მოუწონა გადაწყვეტილება, ამიერიდან ურთიერთთანამშრომლობა შესთავაზა, შეიწყნარა, ხელშეუხლებლობის გარანტია უბოძა.. ამბოხებულებმა სასახლე დატოვეს, ლაღად და თავისუფლად გრძნობდნენ თავს, თითქოს უზარმაზარი ტვირთი ჩამოიხსნესო მხრებიდან და რა ხდებოდა ამ დროს ისნის სასახლის ერთ-ერთ ოთახში? ნუთუ ეს ის ქალბატონები იყვნენ, რომლებსაც რამდენიმე ხნის წინ ერთი ძარღვიც კი არ ,,უფეთქავდათ" სახეზე...უფროს-- უმცროსობის ეტიკეტის საზღვარი წაშლილიყო, ერთმანეთს ლაპარაკს არ აცლიდნენ, მარტოდ დარჩენილები ,,გამარჯვებას" ქალურად აღნიშნავდნენ...
No comments:
Post a Comment